სოფელ ბოდბეში ახალშობილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედა დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედა დააკავეს.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიებით დადგინდა, რომ 40 წლის ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალშობილის დედას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.