აშშ-ს ელჩი თელავს ეწვია
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახეთის რეგიონს სტუმრობდა.
კელი დეგნანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა უმასპინძლეს.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მხარეებმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გზებზე, თელავის ტურისტულ პოტენციალზე, დარგის განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ელჩმა თელავის ისტორიული მუზეუმი და ერეკლე მეფის სასახლეც მოინახულა.
“ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ქალაქ თელავში და შევიტყობ კიდევ უფრო მეტს ამ ქალაქისა და ზოგადად კახეთის რეგიონის შესახებ. როგორც მეუბნებოდნენ, მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. მოგეხსენებათ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის კუთხით. რა თქმა უნდა, განვიხილეთ “კოვიდ-19″-ის შედეგები და ის, თუ როგორ უბრუნდება რეგიონი ნელ- ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ დღეს თელავის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია. საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობის სამომავალო პერსპექტივებს თელავის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის. პირადად გადავუხადე ელჩს მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში, ამერიკა ავლენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.