ახალი ამბები

გიორგი გახარია ლოპოტაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლოპოტაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

მისი თქმით, კახეთის რეგიონს გაუმართლა, რომ მას, როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები, ჩვენი ელჩები.

პრემიერ-მინისტრმა ელჩებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„უდიდესი პატივია დღეს ამ შეხვედრის აქ გაკეთება, რადგან დღეს არის 15 ივნისი, დღეს საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ კახეთის რეგიონს გაუმართლა. მას, როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები, ჩვენი ელჩები. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დღეის მდგომარეობით ტურიზმის აღდგენასთან და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, დღეს ჯერჯერობით ვთქვათ, რომ საქართველომ შეძლო ვირუსის პირველი ეტაპის შეჩერებით, მეორე ეტაპის შეკავებით და ახლა გადავდივართ უკვე მესამე, მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე წარმატებულად, ამაში, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დამსახურება.

ამაში არის ძალიან დიდი დამსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების. მე არ მინდა, აქ არავინ გამოვყო, ყველამ კარგად იცის ის დახმარება, რომელიც თქვენ გაუწიეთ ჩვენ ქვეყანას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმიზირებული იყოს.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჩვენთვის საქართველოში წელს საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩვენო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრობითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოყვება.

თვითონ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როცა ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური, ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების იყოს მინიმიზირებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“,– განაცხადა გიორგი გახარიამ.