საგარეჯოში კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია
ამ ეტაპზე უცნობია, ვისგან დაინფიცირდა კორონა ვირუსით საგარეჯოში მცხოვრები მამაკაცი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ პაციენტის ინფიცირების წყაროს მოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ეპიდემიოლოგებმა მასთან კონტაქტში მყოფი 18 მოქალაქე მოიძიეს, რომლებიც კარანტინში მოათავსეს.
“სანამ პაციენტი თბილისის ,,ავერსის” კლინიკას რესპირატორული სიმპტომებით მიმართავდა, თბილისში მანამდეც იმყოფებოდა. ის შაქრიანი დიაბეტითაც არის დაავადებული და ინსულინის ნემსის ჩამოსატანად იყო წასული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისში ასე ერთი წასვლით დაინფიცირებულიყო. გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა და ინფიცირების წყაროს მოძიება”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, პნევმონია, მომატებული ტემპერატურა და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
საგარეჯოში მცხოცრებ მამაკაცს კორონა ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. მან რესპირატორული სიმპტომებით თბილისის “ავერსის” კლინიკას მიმართა, სადაც ცხვირ-ხახიდან აუღეს ნაცხი.
პაციენტის კოვიდ ინფექციით დაავადება PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.