ახალი ამბები

კახეთში კორონა ვირუსზე გამოკვლეული 185 მოქალაქის ტესტირების პასუხი უარყოფითია

12 და 13 ივნისს ლუგარის ცენტრში კახეთის რეგიონიდან კორონა ვირუსზე გამოსაკვლევად 185 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ საკვლევ მასალაში “კოვიდ-19” არ დადასტურდა.

როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, რეგიონში ამ ეტაპზე კოვიდ ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა ფიქსირდება.
საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე კარანტინში იმყოფება. მათ ნაწილს ნიმუშებს სავარაუდოდ დღეს აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ცენტრში. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. რაც შეეხება კოვიდ ინფექციით დაავადებულ მამაკაცს, მას აღენიშნება საშუალო სიმძიმის პნევმონია, მომატებული ტემპერატურა და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ინფიცირებულ მამაკაცთან კავშირში მყოფი 18 მოქალაქიდან არც ერთი არ იმყოფება კახეთის საკარანტინე სივრცეში, შესაბამისად მათ ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეგიონის განყოფილების წარმომადგენლები აუღებენ და ტესტირების პასუხს შეგვატყობინებენ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

საგარეჯოში მცხოცრებ მამაკაცს კორონა ვირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. მან რესპირატორული სიმპტომებით თბილისის “ავერსის” კლინიკას მიმართა, სადაც მას ცხვირ-ხახიდან აუღეს ნაცხი. პაციენტის კოვიდ ინფექციით დაავადება PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.