საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცს პნევმონია აღენიშნება
საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, პნევმონია, მომატებული ტემპერატურა და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ მამაკაცი ასევე შაქრიანი დიაბეტითაც არის დაავადებული.
“კორონა ვირუსით ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს აღენიშნება ფილტვების ანთება, მომატებული ტემპერატურა და სხვა რესპირატორული სიმპტომები. მასთან კონტაქტში მყოფი 18 ადამიანია მოძიებული, რომლებიც უკვე გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. მათ ამ ეტაპზე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.
საგარეჯოში მცხოცრებ მამაკაცს კორონა ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. მან რესპირატორული სიმპტომებით თბილისის “ავერსის” კლინიკას მიმართა, სადაც მას ცხვირ-ხახიდან აუღეს ნაცხი.
პაციენტის კოვიდ ინფექციით დაავადება PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.