საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან 18 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი
საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კავშირში მყოფი ყველა მოქალაქე მოძიებულია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, “კოვიდ-19”-ით დაავადებულ მამაკაცთან კონტაქტი 18 ადამიანს ჰქონდა.
როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, კორონა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ არც ერთ მოქალაქეს ამ ეტაპზე ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება.
“საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა მოიძია კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ყველა კონტაქტი. 18 მოქალაქე უკვე გადაიყვანეს კარანტინში. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. მათ, სავარაუდოდ, ცხვირ-ხახიდან დღესვე აუღებენ ნაცხს და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
საგარეჯოში მცხოცრებ მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მან რესპირატორული სიმპტომებით თბილისის ,ავერსის” კლინიკას მიმართა, სადაც მას ცხვირ-ხახიდან აუღეს ნაცხი. პაციენტის კორონავირუსით ინფიცირება PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.