,,მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების გაფართოვება რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“
საპარლამენტო ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება.
ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე, საგარეჯოს ტყის 4935,8 ჰა ტერიტორიას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ ერთეულს და ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის. უწყების ინფორმაციით, ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები: მაღალმთის მუხა, უთხოვარი და სხვა. ასევე საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი.
,,ტერიტორიას მნიშვნელოვანი ეკო-ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მოხვდეს სხვადასხვა ტურისტულ პუნქტებში სოფელ თეთრწყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემში.
აღნიშნული ფართობების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ გზას მისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალ- ეკონომიკურ განვითარებას.
საპროექტო ტერიტორიის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთ გზას მისთვის პარკის კატეგორიის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება და აქ წარმოდგენილი ეკოსისტემების შესაბამისი კატეგორიის რეჟიმში ფუნქციონირება და განვითარება წარმოადგენს, რაც უდავოდ პირველ რიგში ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალ- ეკონომიკურ განვითარებას’’- განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა.