გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება
გურჯაანის ატამი მალე გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება. როგორც საქპატენტში აცხადებენ, მისი სპეციფიკაციის პირველადი სამუშაო ვერსია უკვე მზად არის.
საქპატენტის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით, ორი პროდუქტის, გურჯაანის ატმისა და რაჭული ლორის სპეციფიკატები დაამუშავეს.
,,Twinning-ის პროექტი „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ მეორე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობასა და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას.
პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, რომელსაც საშუალება ეძლევა გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შექმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას. აგრეთვე ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში, ორი ახალი პროდუქტის, რაჭული ლორისა და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავს მათ სამომავლო რეგისტრაციას, ხელს შეუწყობს პროდუქტის მწარმოებელთა გაძლიერებას, მათ გაერთიანებას, ასოციაციად ჩამოყალიბებას და თავად პროდუქტის პოპულარიზაციას.
გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან”,- აცხადებენ საქპატენტში.