ახალი ამბებისტატიები

საგარეჯოში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ონლაინ მარკეტი შექმნა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ოთო გურგენიძემ ობლაინ მარკეტი ,,დოვლათი“ შექმნა.

მას აგრომიმართულებით საქმიანობის დაწყება წლებია უნდოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალა. ახალგაზრდა ამბობს, რომ საქმიანობის დაწყება ონლაინ, ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო და ცდამ გაამართლა.

ოთო გურგენიძის განცხადებით ,,დოვლათი“ მსურველებს ნატურალური, სოფელში მოყვანილი პროდუქციის ინტერნეტით შეძენას და ადგილზე მიტანას სთავაზობს.

მას თბილისში მაღაზიის გახსნა ჰქონდა გადაწყვეტილი, სადაც სოფლებში მოსახლეობისგან ნაყიდი პროდუქციის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვების გამო ეს იდეა ვეღარ განახორციელა.

“დოვლათიის” გაკეთების იდეა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე საქმეს დავიწყებდით. თავიდან გვინდოდა სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტის რეალური მაღაზიის გაკეთება, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ნატურალური, გლეხების მიერ წარმოებული პროდუქტის შეძენას, რაც ერთის მხრივ სოფლის ეკონომიკურ სტიმულაციას მოახდენდა, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქშიც შეგვეძლებოდა ნატურალური, ქართული პროდუქტის შეძენა.

მარტის თვეში კი, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დოვლათი სოფლიდან პირდაპირ სახლებში მიგვეტანა და ამისთვის გამოვიყენეთ ონლაინ პლატფორმა, რომელმაც საშუალება მოგვცა ძალიან მოკლე პერიოდში გაგვეცნო მომხმარებლიათვის თუ რა იყო ,,დოვლათი”. პირველი შეკვეთა 14 აპრილს მივიტანეთ და იმის შემდეგ ყოველ დღე დილის 6-7 საათიდან გარეთ ვართ’’,- განუცხადა Knews.ge-ს ოთო გურგენიძემ.

ოთო განმარტავს, რომ პროდუქტებს, რომელიც მომხმარებლამდე მიდის სოფლებში მცხოვრებლებისგან ყიდულობს.

,,დავდივართ სოფელ-სოფელ პროდუქტების შესაძენად, ვეძებთ ოჯახებს რომლებიც აწარმოებენ ხარისხიან და ნატურალურ პროდუქტს. სია მრავალფეროვანია – ხორცეული, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და უკვე ნელ-ნელა გვემატება სეზონური ხილიც.

მოთხოვნის სწრაფი ზრდა ალბათ კარანტინმაც განაპირობა, როდესაც მოსახლეობას ფაქტობრივად აღარ მიუწვდებოდა ხელი პროდუქტებზე და ჩვენც გაასმაგებული პასუხისმგებლობით განვაგრძეთ საქმიანობა’’,- განაცხადა ოთო გურგენიძემ.

ახალგაზრდა სამომავლოდ ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს.
,,გეგმები ასეთია, ,,დოვლათი” იზრდება, ვზრდით ბვენ დიდ ოჯახს და მალე ვიქნებით ბევრად უფრო მეტი ვიდრე დღეს ვართ. ნელ-ნელა ვიმატებთ რეგიონებსაც, მალე სამეგრელოსაც მოვიცავთ თავისი მეგრული სულგუნით, ღერღილითა და მეგრული დედლით.

რაჭა – განთქმული რაჭული ლორით, მცხეთა-მთიანეთი და ასე, ეტაპობრივად დავფარავთ მთელ საქართველოს და ,,დოვლათის” მომხმარებელსაც ფაქტობრივად მთელი საქართველოს პროდუქტები შეეძლება ჰქონდეს სახლში’’,-აცხადებს გურგენიძე.