ადვოკატი – დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრს თანასოფლელების მოკვლა არ უცდია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი ჭინჭარაული მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, არ ეთანხმება.
როგორც “კახეთის ხმას” ჭინჭარაულის ადვოკატმა გოჩა თედიაშვილმა განუცხადა, ძმები ჭინჭარაულები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც გიორგი ჭინჭარაულმა მათ წინააღმდეგ ცივი იარაღი იძულებითი მოგერიების მიზნით გამოიყენა. თედიაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ის მხოლოდ თავს იცავდა.
“ძმებ ჭინჭარაულებსა და გიორგი ჭინჭარაულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 7 ივნისს მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ისინი თანასოფლელებმა გააშველეს. გიორგიმ დაპირისპირების შემდეგ თავისი ძმისშვილი სახლში მიიყვანა და შემდეგ სამსახურეობრივ საქმეზე მანქანით წავიდა. გზაში მას ძმები ჭინჭარაულები შემთხვევით შეხვდნენ, გააჩერეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე არავინ არ იყო, რომ დაპირსპირებული მხარეები გაეშველებინა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა თავი ცივი იარაღის გამოყენებით დაეცვა. საკრებულოს წევრი აღიარებს, რომ ძმები დაჭრა, თუმცა ეს იყო აუცილებელი მოგერიების მიზნით ჩადენილი ქმედება და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ არ დავეთანხმეთ 117-ე მუხლით გამოძიების დაწყებას და მითუმეტეს ბრალის დამძიმება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია “, – განუცხადა “კახეთის ხმას” გოჩა თედიაშვილმა.
სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით გუშინ წაუყენა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.