აზერბაიჯანელი ისტორიკოსი – დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ისტორიკოსი შირვან ალიევი დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ალიევი ამბობს, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია. ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა.
“მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს – ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით), ამჯამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედა სამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედა სამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია. დიახ, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალ-ათასიანი აზერბაიჯანელის დასაცავიცაა. დღეს ვნებათაღელვა არ წყდება დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ. მე, როგორც სპეციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში შავით თეთრზე დაფიქსირებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც დაარსების დღიდან საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მე არ ვაპირებ პოლემიკის გამართვას, ერთს კი მტკიცედ დავაფიქსირებ, მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველების და აზერბაიჯანელების სიბრძნის და რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა როგორც იტყვიან „სამართალმა პური ჭამოს“, – აცხადებს შირვან ალიევი.
დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი მე-6 საუკუნეში ერთ-ერთმა ასურელმა ღირსმა მამა დავითმა დააარსა.