საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ
საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგი 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზებაა გათვალისწინებული, უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირები (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) კი სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.
“განიხილება ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალური დისტანციის დაცვა, რეკომენდაცია შეხვედრებისთვის ღია სივრცეების გამოყენებაზე, პირბადეების გამოყენება საჯარო სივრცეებში, თერმოკონტროლი, სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ამომრჩეველთა რიგის ორგანიზება 2-მეტრიანი დისტანციით, ბიულეტენების დათვლის დროს ხელის ჰიგიენის დამატებითი ზომების შემოღება და სხვა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.