ახალი ამბები

“ყვარლის ედემთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი კითხვებს აჩენს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, “ყვარლის ედემთან” დადებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი კითხვებს აჩენს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში „ქართულ ოცნებისთვის“ სულ 235 000 ლარი აქვთ შეწირული.

“საქართველოში „კოვიდ 19”-ის ვირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტები გააფორმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს სწავლობს.

მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია შპს „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსებულიყვნენ.

ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმროს 45 ნომერი უნდა გამოეყო 2 თვის ვადით. შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65 000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277 300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს”,– აცხადებენ „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოში“.

ორგანიზაციის ცნობით, სასტუმროს 2013-2019 წლებში 400 000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76 000 ლარი ჰქონდა მიღებული.

,,შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს „ქართულ ოცნებას“ 5 000 ლარი შესწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“.

კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირეს. მმართველი პარტიისთვის ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც.

მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში.

ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.