ღია სივრცის მქონე რესტორნები მუშაობას დღეიდან განაახლებენ
საქართველოში დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნა. კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
რეკომენდაციების მიხედვით გათვალისწინებულია მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენება და დასუფთავების გამკაცრებულუ ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.
ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25 მეტრ კვადრატს.
დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის საშუალება არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებს ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ შესთავაზონ, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.
საქართველოში 8 ივნისიდან ყველა სახის მომსახურება აღდგება რესტორნებში. ფუნქციონირებას დაიწყებენ ის სასტურმოები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებიები და ნებართვა.