საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია იხსნება
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.
მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. მოქალაქე, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს. მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით უნდა დამუშავდეს. გარდა ამისა, სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.
დოკუმენტის თანახმად, მოლის საერთო სივრცეში 10 მეტრ კვადრატ ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანი უნდა დაიშვას. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
ამასთან, რეკომენდაციაა უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.
ცნობისთვის, საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო 19 მარტს დაიხურა.