ახალი ამბები

ლაგოდეხში ადგილობრივები წყლის მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებენ

ლაგოდეხში ადგილობრივები წყლის მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებენ.

მათ აქციაც გამართეს და გააპროტესტეს გადაწყვეტილება, წყლის საფასურის სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადახდის შესახებ.

მათი თქმით, სარწყავი სისტემა მოუწესრიგებელია და მათ სასმელი წყლის  გამოყენება სარწყავადაც უწევთ.

,,აქამდე წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით, თითო წევრზე 50 თეთრს ვიხდიდით, მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში კი გადასახადი 1 ტონა წყალზე 0.42 თეთრი იქნება.  მრიცხველის მიხედვით, თითო ოჯახს თვეში 50 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს, რისი საშუალებაც არ გვაქვს”,-აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე განმარტებით, კომპანია ადგილობრივებს დაბინძურებულ წყალს აწვდის.

,,წყალს, რომელსაც სასმელად მოვიხმართ, ჭიები მოსდევს. ახლა კი ამ უხარისხო და დაბინძურებულ წყალსაც გვიძვირებენ. რითი უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა? ჯობია თავად მოხსნან ის მრიცხველები რაც დააყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავამტვრევთ ყველა მრიცხველს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, იმის გამო, რომ ადგილობრივები სასმელ წყალს სარწყავადაც იყენებენ, წყლისარაგი იწურება და მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე რჩება.

მისი თქმით, წყლის მრიცხველების დაყენება აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.

,, ის რომ სასმელი წყლის სარწყავად გამოყენება მოხდეს, ჩემი აზრით დაუშვებელია. ამის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე რჩება“,-განაცხადა კახა ჯამბურიამ.

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობას წყლის პრობლემა ისევ აწუხებს.

ფოტო: რადიო ჰერეთი