გურჯაანში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა
საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
„ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. ამით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.