თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება
საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
აღნიშნული პროექტის წინასწარი ეკოლოგიური და სოციალური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა კომპანიამ თელავის მოსახლეობასთან გამართა.
საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ანგარიში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
შეხვედრას კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თელავში ამ დროისთვის ვახორციელებთ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია, დაახლოებით, 4 600–მდე აბონენტის გამრიცხველიანება, 11 კმ ქსელის შეცვლა და სამი ახალი ჭაბურღილის მშენებლობა.
სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც საგრძნობლად გაუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი.
რაც შეეხება დაგეგმილ პროექტს, აღნიშნული პროექტი თელავის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მოსახლეობის 24 -საათიან წყალმომარაგებას ითვალისწინებს“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ხუთი ახალი რეზერვუარი აშენდება და ორი არსებული რეზერვუარი რეაბილიტირდება, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და რეაბილიტირდება ხუთი არსებული ჭაბურღილი.
ასევე, წყალმომარაგების ახალი ქსელით ჩანაცვლდება მოძველებული მაგისტრალური ქსელი.
კომპანიის ცნობით, სამუშაოები 2020 წლის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით, ორ წელიწადში დასრულდება.
მისი დასრულების შემდეგ, 6 800–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.