ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 57 მოქალაქის კვლევის შედეგი უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 57 მოქალაქის ნიმუში კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა კვლევის შედეგი უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დრომდე
რეგიონში “კოვიდ-19”-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 19 მოქალაქე. კარანტინში, 6 ადგილას კი მოთავსებულია 212 მოქალაქე.

,,28 მაისს ლუგარის ცენტრში 57 ნიმუში გაიგზავნა. ყველა მასალის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3951 ნიმუში, საიდანაც 1245 მედპერსონალი, 1480 კარანტინის ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი გამოიკვლიეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სეროპრევალენტობის კვლევა.

თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეული იყო 15 ჯგუფი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 ჯგუფი. ჯამში 150 ნიმუში გამოიკვლიეს.

ნიმუშების ტესტირება ტარდებოდა ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. კვლევა დასრულებულია. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი შედეგები დამაიმედებელია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.