უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების ფარგლებში გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა დაიწყო
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 72 175 ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარება.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება ასევე 52 151 მოქალაქეს ჩაერიცხა.
“დღეის მდგომარეობით, 72 175 ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200 ლარიანი სოციალური დახმარების მიღება. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც თანხა უკვე ჩაერიცხა. 52 151 თვითდასაქმებულმა 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო. ჩვენს 194 796 თანამოქალაქეს სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. ეს არის ის ხალხი, რომელსაც სარეიტინგო ქულა აქვს 65 000-იდან 100 000-მდე.
22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, პირველი ტრანში უკვე მიიღო. ასევე, 40 440 შშმ პირს და შშმ ბავშვს უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიან ფასში და 27 000 ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი.
ეს ადამიანების ის რაოდენობაა, რომლებმაც დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება, ქეშის სახით პირდაპირ თავიანთ ანგარიშზე მიიღეს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.