თელავში მიუსაფარი ცხოველები ცოფსა და სხვა დაავადებებზე აცრეს
თელავის ქუჩებიდან მიუსაფარი ცხოველები ოზურგეთის კერძო თავშესაფარში გადაიყვანეს.
როგორც Knews.ge-ს ოზურგეთის თავშესაფრის დირექტორმა განუცხადა, ცხოველებს ცოფსა და სხვა დაავადებებზე ვაქცინაცია ჩაუტარეს, სათანადო წესით დაამუშავეს და კასტრაცია გაუკეთეს.
გულო ფუტკარაძის ინფორმაციით, მიუსაფარ ძაღლებს ახლო მომავალში იმ ადგილას დააბრუნებენ, საიდანაც წაიყვანეს.
„ჩვენ მიგვყავს ცხოველები. ამ პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია ფოტო-ვიდეო მონიტორინგი, როგორ მოგვყავს და ვაბრუნებთ ცხოველს, როგორ უკეთდება ოპერაცია. შესაბამისი კადრები გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურს, რათა იცოდნენ, რომელ ძაღლს ჩაუტარდა სტერილიზაცია-კასტრაცია, რათა ისინი აღრიცხონ“, – განუცხადა knews.ge-ს გულო ფუტკარაძემ.
სტერილიზაცია-კასტრაცია 22 მიუსაფარ ძაღლს ჩაუტარდა. ჯამში გათვალისწინებულია 110 მიუსაფარი ცხოველის ვეტერინარული დამუშავება, რომლისთვისაც თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 21 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე