კახეთში 71 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 20 მოქალაქე, 4 კი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 7 ლოკაციაზე კარანტინში 244 მოქალაქე იმყოფება.
,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.
26 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 71 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, ჯანში კახეთში 3844 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.
,,სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3844 ნიმუში, აქედან 1216 მედპერსონალია, 1434 კარანტინში მყოფი ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალის და 223 შშმ პირების.
22 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავსა და ბოლნისში დაიწყო სეროპრევალენტობის კვლევა.
თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეული იყო 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 კლასტერი. სულ აღებული იქნა 150 ნიმუში.
ნიმუშების ტესტირება ხდებოდაა ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. კვლევა დასრულებულია. საბოლოო კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი შედეგები დამაიმედებელია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.