ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში მოქალაქეებმა დროშები გამოფინეს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავში მოქალაქეებმა სახლების აივნებზე სახელმწიფო დროშები გამოფინეს.

თელავში მცხოვრები ანა მარგველაშვილი 26 მაისს ყოველ წელს საზეიმოდ აღნიშნავს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
26 მაისი ჩემთვის ემოციურად განსაკუთრებული დღეა. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებო, 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობს აქტს ბაბუაჩემი, ტიტე მარგველაშვილიც აწერდა ხელს, რომელიც იმ დროს ეროვნული საბჭოს წევრი იყო. უკვე რამდენიმე წელია 26 მაისს აივნიდან დროშა ტრადიციულად გადმოფენილი მაქვს. რამდენადაც თელავში ჩემი სახლის აივანს საქართველოს დროშა მუდმივად ამშვენებს, 26 მაისს სპეციალურად ამ დღისათვის დამზადებულ დროშას ვფენ მთელი კვირით და ეს უკვე ჩვენთვის ძალიან ძვირფასი რიტუალია. ამ სიმბოლური აქტით, მინდა ვიყო დიდი სიხარულის თანაზიარიც და თან ვცდილობ, გავიაზრო პასუხისმებლობა, რაც დამოუკიდებლობას ახლავს თან და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და ასევე, გამვლელებს შევახსენო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და საზეიმო განწყობა გავუზიარო”, – განუცხადა knews.ge-ს ანა მარგველაშვილმა.
საკუთარი სახლების აივნებსა და ეზოებში დროშები სხვა მოქალაქეებმაც გამოფინეს.

ისინი ამბობენ, რომ მათთვის ეს ერთგვარი ტრადიციაა.
,,ამ დღეს თელავში განსაკუთრებულად ვზეიმობდით. იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიება და ერთმანეთს ვულოცავდით. წელს, პანდემიის გამო, ღონისძიებები არ გაიმართა, მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ და დროშა გამოვფინეთ აივანზე”, – აღნიშნეს knews.ge-სთან საუბრისას ქალაქ თელავში მცხოვრებმა მოქალაქეებმა.