ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თელავშიც აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. დამოკიდებულების დღე თელავშიც აღნიშნეს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოფინეს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიაში, იმიტომ რომ 102 წლის წინ დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა, საუკეთესო კონსტიტუციიით, ადამიანის იმ უფლებებით განმსჭვალული, რაც დღესაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. 26 მაისი არის იმ უწყვეტი მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც მოდის საუკუნეების წიაღიდან და გრძელდება დღევანდელობით. დღეს, საქართველო განუხრელად მიდის თავისუფლების, დემოკრატიის და გაძლიერიერების გზით. მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ უხილავ მტრთან – კორონავირუსის პანდემიასთან და ოკუპანტ რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლებში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. “მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა უჩვეულოდ აღნიშნავს წელს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ქალაქის ქუჩებში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშები.

ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვიმყოფებოდით და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე. ვიმედოვნებ, რომ იმ ბრძოლებში, როგორიც არის ჩვენი უხილავი მტერი პანდემია, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%ის ოკუპირება, ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაიმარჯვებს”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.