კახეთი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს
17 მაისის მონაცემებით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
მისივე თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 14 მოქალაქე, 3 პირი კი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
,, რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 438 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 16 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 113 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 15 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 16 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2775 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 815 კარანტინში მყოფი პირი და 149 შშმ პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.