კახეთში კორონავირუსზე კიდევ 6 მოქალაქის ტესტირების შედეგს ელოდებიან
კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში “კოვიდ-19”-ზე 54 ნიმუშს PCR მეთოდით ჩაუტარდა ტესტირება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, 48 ნიმუშის ნომუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 6 საკვლევის მასალის ტესტირების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
“ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირებისა და საბაჟოს თანამშრომლების. კორონავირუსზე უკვე გამოიკვლიეს საბაჟოს 74 თანამშრომელი და 110 შშმ პირი. არც ერთ მათგანს ახალი ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა. დღემდე კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 2662 ნიმუში გამოიკვლიეს“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ სტაბილურია და დღემდე “Covid-19″-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.