თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ ერთ კვირაში განახლდება
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე რამდენიმე დღის წინ ზვავი კვლავ ჩამოწვა, რის გამოც გამწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია.
როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გზის გაწმენდა სავარაუდოდ მომავალ კვირაში განახლდება.
“ამჟამად თუშეთის გზის 35 კილომეტრიანი მონაკვეთი მეწყერისა და ქვა-ღორღისგან იწმინდება. 36-ე კილომეტრიდან კი სამუშაოები შეჩერებულია, რადგან ზვავია ჩამოწოლილი. გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ ვითარება, საფრთხე და რისკი შეაფასონ და ამის შემდეგ მისცენ გზის გაწმენდის ნებართვა”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ვაჟა ნასყიდაშვილმა.
რთული კლიმატური პირობების გამო თუშეთში ვიზიტორები მოგზაურობას სავარაუდოდ 5 ივნისიდან შეძლებენ.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ზამთარში თუშეთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.