გახანგრძლივდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი
ბანკები მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობენ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც ის თავდაპირველად შემოიღეს, აღარ იგეგმეება, თუმცა გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.
„საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ისე ერთბაშად და იმავე პრინციპით, როგორც გადავადდა ყველასთვის, აღარ იგეგმება. თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მსესხებლებისთვის. ამ ეტაპზე ბანკების მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არის, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შეთანხმებამდე მივალთ“, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით 600 000-მა ადამინმა ისარგებლა, თუმცა პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს და საბოლოო მაჩვენებელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავთო პერიოდი ჯერ კიდევ მარტში შესთავაზეს. გადავადების პროცესში თხუთმეტივე კომერციული ბანკია ჩართული, თუმცა პროცესისადმი ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს.