ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში 9 მილიონიანი საგრანტო პროგრამა იწყება
საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას იწყებენ.
პროგრამა სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.
,,საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში, სადაც ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. განაცხადები ასევე მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.
საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170,000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესის წარმომადგენლები ასევე მიიღებენ 30,000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება”,-აცხადებენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.
პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 2020 წლის 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.arda.gov.ge.