დღეიდან საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, ყველა სახის მაღაზია იხსნება
დღეიდან, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც გადაადგილების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ეხება, იხსნება.
კერძოდ, დღეს გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, თუმცა ეს არ ეხება ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობის ობიექტებს.
„შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, დღეიდან სრულად იხსნება თბილისში მიმოსვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი.
არსებული გეგმის მიხედვით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი – მარნეულში.
ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს დაწესდა და ის ძალაში 22 მაისამდეა.