ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს დღეს დაითვლიან.
ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ სტიქიის შედეგად ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„ზარალის ზუსტი აღრიცხვა დღეს მოხდება, რადგან გუშინ წვიმის გამო ეს შეუძლებელი იყო. დღის განმავლობაში მოხდება იმ სავარგულების აღრიცხვა, რომელსაც სტიქიამ ზარალი მიაყენა. საუბარია, 3 მუნიციპალიტეტზე, ეს არის: ლაგოდეხი, ყვარელი და ახმეტა. წვიმის დროს, როცა ამოტუმბვა საჭირო იყო, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ოპერატიულად მუშაობდნენ. ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურა და არხები თუ დაზიანდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოსახლეობაში ზარალი არ არის. დღეს ამინდი გამოვიდა და შეიძლება იმ დაზიანებების ნახვა, რაც სტიქიამ მოგვაყენა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.