ზვავსაშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეწყვეტილია
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის დაახლოებით 42 კილომეტრია გაწმენდილი.
როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ განუცხადა, ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეწყდა. ვაჟა ნასყიდაშვილის განმარტებით, გზის გახსნა 15 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შეჩერების გამო საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ თვის ბოლოს აღდგება
“სანამ ამინდი გაუარსდებოდა, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობდა. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამუშაოები შეჩერებულია, რადგან არსებობსა ზვავის ჩამოწოლის საშიშროება. როგორც კი ამინდი ხელს შეგვიწყობს და აღარ იქნება ზვავსაშიშროება, გზის გაწმენდით სამუშაოებს განვაახლებთ”, – აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ზამთარში თუშეთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.