ყვარელში ვენახები და მესაქონლეობის ფერმები დაიტბორა
გადაუღებელი წვიმების შედეგად სტიქია მძვინვარებს ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, რის გამოც ადიდდა მდინარეები დურუჯი და შორაპანი.
სოფ. ბალღოჯიანსა და ახალსოფელში ადიდებულმა მდინარე შოროხევმა გაარღვია ნაპირი, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.
“ადიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებს უქმნის საფრთხეს. ამ დროისთვის დატბორილია ვენახების გარკვეული ტერიტორია. მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება”, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. როგორც “კახეთის ხმას” მერის პირველმა მოადგილე ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, სტიქიის შედეგად 8 სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და სარდაფები კი დაზიანდა.