ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე უკვე 842 მედიკოსი გამოიკვლიეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 842 მედპერსონალის ნიმუში გაიგზავნა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მხოლოდ ორი მედიკოსის საკვლევმა მასალამ აჩვენა დადებითი შედეგი, თუმცა განმეორებითი ჩატარებულმა კვლევებმა მათი კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაადასტურა. არც ერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თავიდანვე არ აღენიშნებოდა.
“კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე 842 მედპერსონალის ნიმუშს ჩაუტარდა ტესტირება. მედოკოსებს კორონავირუსზე გამოკვლევა მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში უტარდება. ისინი არიან ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში. რეგიონში ყველა ექიმს PCR მეთოდით ჩაუტარდება ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით დაუდგინდა. ამავე მეთოდით განმეორებით ჩატარებულმა ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, რის გამოც გადაწყდა მისთვის ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება. კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაუდგინდა არც ჩაღრმავებული კვლევებით.