საგარეჯოში მომუშავე ექთანს, PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მისი კვლევა კვლავ გრძელდება
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალისა“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ამ ექთანს სწრაფმა ტესტმა covid19 უჩვენა, ხოლო PCR ტესტით ეს არ დადასტურდა, გადაწყდა, რომ მას სიღრმისეული კვლევა ჩაუტარდეს.
„პირველ ჯერზე დადებითი პასუხი გვაქვს მიღებული, თუმცა შემდეგ ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვის შედეგად დადგა საკითხი, რომ გადახედილიყო კვლევა. გვქონდა დადებითი პასუხი, კლინიცისტების ჩარევის შემდეგ მოხდა კვლევის გამეორება და გვაქვს უარყოფითი პასუხი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო ღრმა კვლევა. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა ბიოლოგიური მასალით ჩატარებულიყო გაღრმავებული კვლევა. დღეს დღის განმავლობაში უკვე საბოლოოდ დადასტურებული პასუხი გვექნება. პაციენტი იზოლირებულად არის, ის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან შეხებაში არ ყოფილა,“ – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის კვლევა დასრულდა და მათგან “კოვიდ19” არც ერთს არ უფიქსირდება.