ახალი ამბები

საგარეჯოში კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან საგარეჯოში კონტაქტში მყოფი თექვსმეტივე ნიმუშის პასუხი, მათ შორის ოჯახის წევრების და თანამშრომლობისა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, პროტოკოლის მიხედვით მედდასთან კონტაქტში მყოფ პირებს დამატებითი კვლევები კიდევ ჩაუტარდება.

“როგორც კი ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგებმა მოიკვლიეს მასთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეები. იმ დღესვე მათი ნიმუშები გაიგზავნა ლუგარის ცენტრში და არც ერთს კოვიდ 19 არ დაუდგინდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით დაუდასტურდა. მას ამავე მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.