ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 100 მოქალაქის ტესტირების პასუხებს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში კორონავირუსზე კიდევ 100 მოქალაქის ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

უწყების კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 212 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ცნობილია 112 საკვლევი მასალის ტესტირების პასუხი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დაფიქსირდა.

ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დარჩენილი 100 ნიმუშის კვლევის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

“ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ისე კარანტინის სივრცეებიდან. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 212 ნიმუში გავაგზავნეთ და მათგან 112-ის პასუხი ვიცით. 100 საკვლევი მასალის პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გვეცოდინება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.