კახეთში 279 მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ორი დღის განმავლობაში 379 ნიმუში გაიგზავნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ცნობილია 279 ბიოლოგიური მასალის ტესტირების შედეგი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კოვიდ 19 არ დაუდგინდა არც ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფ 16 ადამიანს.
“8 მაისს ავიღეთ და ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 212 ნიმუში, საიდანაც 112 ტესტირების პასუხი ცნობილია და ყველა შედეგი უარყოფითია. ასევე ნეგატიურია ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეების ნიმუშების ტესტირების შედეგები. კორონავირუსი არ დადასტურდა 7 მაისს გაგზავნილი 167 საკვლევ მასალაში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში თვითიზოლაციაში 42 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა 1 მოქალაქეს მოეხსნა. 11 საკარანტინე სივრცეში კი 558 ადამიანია მოთავსებული.
ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, რომელიც ამავე დროს თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით დაუდასტურდა. მას ამავე მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.