ახალი ამბები

ინფიცირებულ ექთანთან საგარეჯოში კავშირში მყოფ 16 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსით დაინფიცირებულ ექთანთან საგარეჯოში კონტაქტში მყოფი 16 ადამიანის ტესტის პასუხი უკვე ცნობილია.

როგორც “კახეთის ხმას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზოგადოევრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლელა ოთარაშვილმა განუცხადა, ექთანთან მუნიციპალიტეტში კონტაქტში მყოფ არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საგარეჯოში ექთანს 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. თექვსმეტივე ნიმუში გუშინ გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია. ეპიდემიოლოგიური კვლევით იკვეთება, რომ ექთნის ინფიცირების წყარო ბოჭორიშვილის კლინიკაა”, – განაცხადა ლელა ოთარაშვილმა.

ექთანი, რომელიც წარმოშობით საგარეჯოდან არის, ორი დღის წინ კახეთში, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში კორონავირუსზე გამოკვლევა PCR მეთოდით ჩაუტარდა. ანალიზბმა მედდის კოვიდ 19-ით ინფიცირება დაადგინა. მას PCR მეთოდით კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.

ექთანი თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გარდა , საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსშიც” მუშაობს. მედიკოსი ახლა ბოჭორიშვილის კლინიკის იზოლირებულ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექთნის ჯანმრთელბის მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.