დამატებითი კვლევების პასუხი, რომელიც საგარეჯოს კლინიკის მედდას უტარდება, დღეს გახდება ცნობილი
საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” მომუშავე მედდას კორონავირუსზე დამატებით კვლევებს უტარებენ, რომლის შედეგები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
კახეთის გუბერნატორმა გუშინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექთანს კოვიდ 19-ზე PCR ტესტირება გეგმიურად ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საბოლოო პასუხი დამატებითი კვლევების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
,,ამ ეტაპზე რაიმეს დადასტურებით თქმა ან უარყოფა რთულია, ყვარლის შემთხვევის გათვალისწინებით. ამ ქალბატონის შემთხვევას საეჭვოს ხდის ის ფაქტი, რომ ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს და სამუშაოს დასრულების შემდეგ დაბრუნდა საგარეჯოში, თავის ოჯახში. როგორც მოგეხსენებათ, მედიკოსებს სისტემატიურად უტარდებათ ტესტირება და ტესტირების შედეგად მას დადებითი პასუხი მოუვიდა. ამ ეტაპზე ტარდება გაღრმავებული კვლევები. მინდა ასევე დავადასტურო, რომ როგორც თბილისში, ასევე საგარეჯოში მედიკოსის ყველა კონტაქტი შესწავლილი გვაქვს,,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, კახეთის რეგიონში კორონა ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2 მაისს გაჟღერდა, თუმცა დამატებით კვლევებმა არ დაადასტურა ყვარლის სასწრაფო დახმარების 50 წლის ექიმის covid-19-ით ინფიცირების ფაქტი.