ახალი ამბები

საგარეჯოს კლინიკის ექთანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება

საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალის ექთანი რომელსაც კორონავირუსი PCR ტესტირებით გამოუვლინდა, თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა საგარეჯოს მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედდას “კოვიდ 19”-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
“ექთანი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ექთანს და არც მის გარშემო მყოფ ადამიანებს სიმპტომები არ აქვთ. ექთანს უტარდება დამატებითი კვლევები და არის თუ არა ის კორონავირუსით ინფიცირებული, ეს ამ გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი. მასთან სავარაუდოდ 60 მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი. მისი კონტაქტების მოკვლევა გრძელდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის მედდას, რომელიც ამავდროულად, თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშიც მუშაობს, PCR კვლევით კორონავირუსი დაუდგინდა. ექთანს დამატებით კვლევები უტარდება.