15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება
15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდება აღდგება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.
გიორგი გახარიას განმარტებით, პირველი ივლისიდან კი საქართველო უცხო ქვეყნების ტურისტებს მიიღებს.
„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.