მანქანა სახელად ელენე – თელავში კაცმა მეუღლის სახელზე მანქანა შექმნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტომანქანების ხელოსანმა თამაზ მეტრეველმა საკუთარი დიზაინით ხელნაკეთი მანქანა ააწყო, რომელსაც თავისი მეუღლის სახელი ,,ელენა“ დაარქვა.
ხელოსნის მეუღლე, ელენე ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი ერთად გააკეთეს, დღეს კი მანქანა, რომელიც თელავის ქუჩებში დადის ქართველების და უცხოელების დიდ ინტერესს და მოწონებას იწვევს.
თამაზ მეტრეველმა მანქანის აწყობა 1990 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა. მისი მეუღლის, ელენე ხანჯალიაშვილის თქმით, ის განსხვავებული და გამორჩეული დიზაინის არის.
,,ჩემმა მეუღლემ მანქანის აწყობა 1990 წელს დაიწყო. თავიდანვე უნდოდა გაეკეთებინა კაბრიოლეტის სტილის მანქანა. ამ სამუშაოს ვასრულებდით ერთად.თავიდან ჩონჩხივით გააკეთა და შემდეგ წამოვიდა იდეა როგორი უნდა ყოფილიყო მისი დიზაინი. შეუღლების შემდეგ სამი ვაჟიშვილი შეგვეძინა და ჩემდამი სიყვარულის და პატივისცემის გამოსახატად მანქანას სახელი ,,ელენა დაარქვა’’. მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მანქანა გამოსაცდელად და შესაბამისი საბუთების ასაღებად წაიღო თბილისში და უკან საბუთებით დაბრუნდა, სადაც მანქანის სახელიც ეწერა. ადრეც და ახლაც ოქროსხელება ოსტატს ეძახდნენ. მანქანა შესამოწმებლად რომ წაიღო, იმდენად დიდი სიზუსტით იყო გაკეთებული ყველა დეტალი, კომისიის წევრებს არ ეჯერათ რომ ხელით იყო აწყობილი.სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს მანქანა არის მსოფლიოში ერთადერთი და ორიგინალი, რომელიც მეტრეველი თამაზის გაკეთებულია’’,- განუცხადა knews.ge-ს ელენე ხანჯალიაშვილმა.
მისი თქმით, თამაზ მეტრეველი მანქანების ხელოსანია, რამაც მანქანის ყველა ნაწილის ხელით გაკეთების პროცესი უფრო გაუადვილა. ელენე ხანჯალიაშვილის განმარტებით, მათ პირველი მანქანების შემდეგ სხვა მანქანების აწყობა სურდათ, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო აღნიშნული იდეის განხორციელება ვერ შეძლეს.
,,თამაზი მანქანების ხელოსანია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ყველა დეტალის ხელით გაკეთება. პირველი მანქანის აწყობის შემდეგ სხვა მანქანების აწყობაც გვინდოდა, რომელსაც ძველებური სახე და განსხვავებული დიზაინი ექნებოდა, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო ამის განხორციელება ვერ მოხერხდა’’,- განაცხადა ელენე ხანჯალიაშვილმა.
მისი თქმით, მანქანა ამ დრომდე კარგ მდგომარეობაშია და მისი მეშვეობით გადაადგილება ახლაც არის შესაძლებელი. ელენა აღნიშნავს, რომ მანქანით ბევრი ქართველი და უცხოელი პირი, ასევე კომპანიები ინტერესდებიან. მანქანა გადაღებულია როგორც ქართულ ფილმებში, ასევე სარეკლამო რგოლებში.
,,ახლა მანქანა კარგ მდგომარეობაშია. საფხულში გამოვამზეურებთ ხოლმე, რადგან გადახურული და ისეთი მოწყობლი არ არის ზამთარში ვიაროთ. ყველა გასვლაზე ყურადღებას იქცევს მანქანა, ბევრ ფილმშიც არის გადაღებული, ასევე ვიდეო რგოლებში. გარდა ამისა, გამოფენებში ვიღებთ მონაწილეობას და ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს. ‘’
ავტორი: მაკა ხაზიური