თუშეთში ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რომელიც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მეხანძრე-მაშველები ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნას მეორე დღეა განაგრძობენ.
ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.
,,ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.
გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში გუშინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.
ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა, რომელმაც ორი ადამიანი მოიყოლა.