თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ 15 მაისს გაიხსნება
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, 15 მაისს გაიხსნება, – განუცხადა “კახეთის ხმა” ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ.
ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, გაწმენდილია გზის 42 კილომეტრი და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ფაქტობრივად გზის დაახლოებით 42 კილომეტრი უკვე გაწმინდეს. გადავიდნენ უკვე თუშეთის უღელტეხილის პერევალს. გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დასრულდება. ვფიქრობთ, რომ გზას 15 მაისს გავხსნით”, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ზამთარში თუშეთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.