კახეთში კორონავირუსზე სულ 560 მედიკოსი გამოიკვლიეს
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღემდე 560 მედიკოსის ნიმუში გაიგზავნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 560 მედიკოსიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, თუმცა განმეორებით PCR მეთოდით ჩატარებული კვლევებით მას “კოვიდ 19” არ დაუდგინდა.
როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, კორონავირუსზე კახეთში ყველა მედიკოსს გამოიკვლევენ.
“ლუგარის ლაბორატორიაში მედიკოსების ნიმუშების გაგზავნა გრძელდება. დღემდე 560 ექიმის PCR ტესტირება ჩატარდა, თუმცა როგორც იცით, კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. განმეორებითი კვლევებით კი მას კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა. ექიმს ჩაღრმავებული კვლევები კვლავ ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი გამოიკვეთება, რადგან ვირუსის სხვა მრავალი სახეობა არსებობს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ PCR ტესტირებით დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა. კახეთში, ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულდ დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.