მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში კახეთში 632 პროექტი განხორციელდება
სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, კახეთის რეგიონში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში 632 პროექტი განხორციელდება.
გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში. საგრანტო კონკურსი ასევე შეეხება იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსის პირობების მიხედვით, დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი: ონლაინ აპლიკაციის შევსება: www.enterprise.gov.ge, ბიზნესიდეების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს გამოავლენენ და ბიზნეს გეგმების წერაში მათ შესაბამის ტრენინგებს ჩაუტარებენ.
მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, რომელიც 30 000 ლარს არ აღემატება.
“კახეთის რეგიონში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში 632 პროექტი განხორციელდება. გრანტის სახით გაიცემა 5 მილიონ 622 ათას ლარზე მეტი, სულ პროექტების საინცესტიციო ღირებულება კი 7 მილიონ 477 204 ლარი იქნება.
პროექტის ფარგლებში, ყველა ბენეფიციარი მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას. კონკრეტულად კი ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული, საქართველოს მოქალაქე, არ არის საჯარო მოხელე, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 10%-ს, არსებული ბენეფიციარი მინიმუმ 50% თანხობრივ თანამონაწილეობას და აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა’’,- აღნიშნულია საგრანტო პროექტის მოთხოვნებში.