ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს
კახეთი, როგორც მწვანე ზონა და მთლიანად საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, დამსვენებლებისთვის დიდი ინტერესის სფერო გახდება, ეს არ არის მარტო ჩვენი სურვილი, ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც გახლავთ, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ კახეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სასტუმროები ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების მიხედვით ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისკენ არის მიმართული.
„ბევრი სასტუმრო, რომელიც უკვე ბრენდია, როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ტურისტულ რუკაზე, მაღალ დონეზე ემზადება, რათა როგორც კი ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება, კახეთი კვლავ გახდეს მიზიდულობის ცენტრი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ PCR ტესტირებით დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. კახეთში, ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულდ დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.