თელავში ,,გიოს ფერმამ“ ადგილობრივ ბაზარზე რძისა და ყველის გაყიდვა დაიწყო
თელავში მცხოვრებმა ფერმერმა გიორგი ჯოხარიძემ სოფელ შალაურში მეცხოველეობის ფერმა 10 წლის წინ ჩამოაყალიბა.
იგი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე წარმოებულ რძეს და ყველს ოჯახისთვის ამზადებდა, ცოტა ხნის წინ კი საკუთარი ბიზნეს საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა და წარმოებული პროდუქციის გაყიდვა თელავის მაღაზიებში დაიწყო.
ფერმერს ამ დროისთვის 30 სული სხვადასხვა ჯიშის ძროხა ჰყავს.
,,ათი წელია, რაც დავიწყე საკუთარი ფინანსებით საქმიანობა. თავიდან მცირე რაოდენობით მყავდა საქონელი და დავიწყე ზრდა. ყოველწლიურად ვამრავლებდი საქონელს. ყველაფერი, რაც გავაკეთე, დიდი ძალისხმევის და პირადი მოტივაციის შედეგია.
საქონლის მოვლა არ არის მარტივი და თუ შეხება არა გაქვს, რთულია განვითარება. მათ ხშირი ყურადღება და მზრუნველობა ესაჭიროებათ.
ჩვენ პატარა ფერმა გვაქვს, ახლა ვვითარდებით და ვცდილობთ ამ ყველაფრის ბიზნესად ქცევას. ძირითადად ყველს და რძეს ვაწარმოებთ. დაახლოებით 30 სული სხვადასხვა ჯიშის ძროხა გვყავს’’,- განუცხადა knews. Ge-ს გიორგი ჯოხარიძემ.
გიორგი წარმოებულ პროდუქციას თელავში ყიდის. ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რძისა და ყველის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მსურველებს თელავის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს.
,,პროდუქციას ინტერნეტის მეშვეობით ვყიდით, გვაქვს ჩვენი გვერდი “გიოს ფერმა” და უფასო მიწოდების სერვისი ქალაქ თელავის მასშტაბით. დიდი რაოდენობის პროდუქციის დამზადებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ. ჩვენთვის მთავარია ხარისხი.
ჩვენი პროდუქცია მზადდება ყველა სახის მინარევების გარეშე, ამავდროულად არ ვხდით ნაღებს და პროდუქტს ვუტოვებთ ყველა ბუნებრივ კომპონენტს, რაც მას მაქსიმალურად ჯანსაღს და გემრიელს ხდის’’,- აცხადებს გიორგი ჯოხარიძე.
ის ასევე საქმიანობის დროს შექმნილ პრობლემებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ფერმაში არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, რაც ხელს უშლის პროდუქციის წარმოებაში.
,,მცირე სამეწარმეო სესხები არის მაღალი პროცენტით, რის გამოც უარს ვამბობ მათზე და ვერ ვახერხებ სწრაფ განვითარებას. წლიდან წლამდე საკუთარი ძალებით მიწევს პროგრესისკენ სვლა.
მეორე პრობლემა არის კომუნიკაციების არარსებობა. ფერმა კონდოლის ნაკრძალთან სოფელ შალაურის მიწებზე მდებარეობს. წლებია აქ აღარ არის წყალი და ყოველდღიურად მანქანით მიწევს ჩატანა. ამადროულად არც ელექტროენერგია არ არის ახლოს, რომ შევძლო ფერმაზე გაყვანა’’,- აცხადებს ფერმერი.
გიორგი ჯოხარიძე სამომავლოდ ფერმის და წარმოების გაფართოვებას გეგმავს. მის სამომავლო გეგმებშში შედის ასევე პროდუქციიის ასორტიმენტის გაზრდა და ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება.